NIMD დემოკრატიის ბანაკი 7 ივნისს, ყვარელში განვითარების თემაზე საუბრით გაიხსნა. განვითარება ზოგადად და მისი კონკრეტული მახასიათებლები ბანაკის პროგრამის შესავალ ნაწილში მოხვდა, როგორც ადამიანის ღირსეული და კომფორტული ცხოვრების საფუძველი. ეს საკითხი ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორმა, ღონისძიებაზე სპეციალურად მოწვეულმა მომხსენებელმა ნიკოლოზ ყაველაშვილმა მიმოიხილა და ხაზი გაუსვა იმას, რომ მხოლოდ ეკონომიკური ზრდა ვერ განაპირობებს განვითარებას. განვითარების ინდიკატორები მრავალფეროვანია და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სიცოცხლის ხანგრძლივობა, კვების ხარისხი, ჯანდაცვის მდგომარეობა, განათლების დონე, გადაადგილების თავისუფლება, ბედნიერად ყოფნის შესაძლებლობაც კი. ეს არის სიმდიდრისა და ბედნიერების ერთგვარი კორელაცია, რაც ცალმხრივად ვერ მიიღწევა და ამიტომაც მნიშვნელოვანია ერთნაირად ძლიერი იყოს სახელმწიფოც, კერძო სექტორიც და საზოგადოებაც.
საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია განვითარების გეგმების შემუშავებისა და მათი განხორციელების პროცესში. მომხსენებელმა რამდენიმე თვალსაჩინო მოდელის შესახებ ისაუბრა და განსჯისათვის მწვავე პოლიტ. ეკონომიური საკითხები დასვა: რა შეიძლება იყოს განვითარების მოდელი საქართველოს მსგავსი ქვეყნისათვის - სინგაპურის მსგავსი, ავტოკრატიასთან მიახლოებული მმართველობით მოპოვებული ეკონომიკური წარმატება, თუ პოლონეთის მაგალითი, როცა მოსახლეობა ერთგვარად შეთანხმდა მოთმინებით ერთად გამკლავებოდა მტკივნეულ რეფორმებს გრძელვადიან პერსპექტივაში უკეთესი მომავალის სანაცვლოდ? დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
რა ადგილი უჭირავს ურბანულ განვითარებას ზოგადად, განვითარების პროცესში, ამაზე გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა, სოსო სალუქვაძემ ისაუბრა, რომელმაც ქალაქის ჩამოყალიბების ისტორიასთან ერთად, ქალაქების მნიშვნელობასა და ქალაქური ცხოვრების წესის მომხიბვლელობის მიზეზებზეც გაამახვილა ყურადღება. ქალაქები, როგორც ინოვაციებისა და ეკონომიკური განვითარების ცენტრები, ყოველთვის მიმზიდველია მოსახლეობისათვის. ამიტომაც უწოდებენ ქალაქებს „მაგნიტს“ და ამიტომაც იზრდება გამუდმებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა - ბოლო 200 წლის განმავლობაში 3-დან 50 პროცენტამდე. ეს ტენდენცია ქალაქების განვითარების საკითხებს აქტუალურს ხდის და ინტენსიური მსჯელობის საგნად აქცევს ისეთ თემებს, როგორიცაა ჭარბმოსახლეობა, საქალაქო მომსახურების უკმარისობა, სატრანსპორტო მოძრაობის პრობლემები, უკანონო დასახლებები, ეკოლოგიური საკითხები და სხვა. ქალაქების სწრაფ ზრდას ფსევდო ურბანიზაციამდეც მივყავართ, რაც გულისხმობს რაოდენობრივად გაზრდილ ქალაქებს და უცვლელად დატოვებულ ურბანულ ინფრასტრუქტურას.
პირველი დღის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო დისკუსია მონაწილეებსა და მომხსენებლებს შორის, რომელიც შემდეგ საკითხებს შეეხო: თავისუფალი ბაზარი თუ სახელმწიფო რეგულაციები, მოსახლეობის ჩართულობა თუ სწრაფ შედეგებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, სინგაპურიზაცია თუ ინდივიდუალური მიდგომა, სოფლის მეურნეობის სუბსიდირება თუ ფერმერულ მეურნეობაზე გადასვლის წახალისება, ახალი ქალაქების მშენებლობა თუ პატარა ქალაქების გაძლიერება, ქალაქების განვითარება არსებული მიმართულებებით თუ ახალი პოტენციალის მოძიება.
ბანაკის პირველი დღე როლურმა თამაშმა დაასრულა, რომელიც მონაწილეების მოლაპარაკებების უნარების განვითარებისთვის დაიგეგმა.