დემოკრატიის ბანაკი „ქალაქები“ დასრულდა

democracy boot camp nimd11 ივნისს საზეიმოდ დაიხურა NIMD დემოკრატიის ბანაკი 2015, რომლის თემაც წელს ურბანული განვითარება და ქალაქდაგეგმარება იყო. საზეიმო დახურვა კლასიკური მუსიკის ჩატარდა, ბანაკის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ, დაჯილდოვდნენ ნიჩბოსნობისა და დებატების ტურნირის გამარჯვებულები, გამოვლინდა ბანაკის ყველაზე აქტიური მონაწილე და „დემოკრატიის ლიდერი 2015“.

დასკვნით საღამოს წინ უძღოდა დატვირთული სამუშაო სესიები, რომლებიც უფრო მეტად პრაქტიკულ საკითხების გადაჭრაზე იყო ორიენტირებული. ქალაქების გაცნობითი პრეზენტაციები ისტორიულ-გეოგრაფიული, ურბანული და საბიუჯეტო ასპექტებით ოთხი ქალაქის დემოკრატიის სკოლელებმა წარმოადგინეს. მათი მსნელები ბოლო ორი დღის განმავლობაში ჰოლანდიელი და ქართველი მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები იყვნენ, რომლებიც ბანაკს 10 ივნისს შემოუერთდნენ.

სტუმრებმა ჰოლანდიიდან, სამი ქალაქის მოქმედმა და ყოფილმა მერები - ვასენარის მერმა იან ჰუკემამ, ბლუმენდაალის მერმა რუდ ნედერვეენმა და ჰოლანდიის ხუთი ქალაქის ყოფილმა მერმა პიტერ კამაერტიმ ბანაკის წევრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს: როგორ ააშენეს ზღვაში ხელოვნური კუნძულები და შემდეგ მათზე ახალი ქალაქები; როგორ თქვეს უარი სოციალური სახლების მშენებლობაზე, რითაც გადაწყვიტეს მიეღწიათ ბალანსისთვის საკუთარებაში არსებულ სახლებს, გასაქირავებელ ფართებსა და სოციალურ საცხოვრებლებს შორის; როგორ დატვირთეს ქალაქის მიმდებარე ტერიტორია ფერმერული მეურნეობებით, რათა ქალაქის მოსახლეობას ახლოს ჰქონოდა სუფთა პროდუქტი; როგორ გადაწყვიტეს მაღალი ხარისხის საცხოვრებლების მშენებლობა, რომლებიც უზრუნველყოფილი იყო ყოველდღიური საჭიროებებით - სამუშაო, საგანათლებლო, სარეკრეაციო, ჯანდაცვისა და კულტურული სივრცეებით და როგორ გაამართლა ამ გეგმამ, როგორ აღიარა საზოგადოებამ ამ გარემოს კომფორტი, თავი მის მესაკუთრედ ჩათვალა და დღეს თავისი წვლილი შეაქვს მის მოვლაში.

უცხოელმა მერებმა ისიც აღნიშნეს, რომ მიუხედავად ჰოლანდიური თუ სხვა ქვეყნების გამოცდილებისა, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უნიკალურობისა და საქართველოს მოსახლეობის განწყობების გათვალისწინებით მოხდეს ქალაქების დაგეგმვა. მათი რამდენიმე რჩევა შემდეგი შინაარსის იყო: შეინარჩუნეთ ქალაქის უნიკალური ადგილები და სხვები ამით დააინტერესეთ, ყველა პროექტის წამოწყებამდე მოქალაქეებს მოუსმინეთ და მათ ჰკითხეთ რა უნდათ, არჩევანი გააკეთეთ იდეებსა და ამბციებს შორის და იდეები ფინანსებს მოარგეთ, საუკეთესო პარტნიორები იპოვეთ და ფულთან ერთად მათი გამოცდილებაც შეისწავლეთ, დამოუკიდებლობა შეინარჩუნეთ და არცერთ ინვესტორზე არ აღმოჩნდეთ დამოკიდებული, გადაწყვეტილების მიღებისას კი იყავით პოლიტიკურები, ჭკვიანები, თანმიმდევრულები და გაბედულები.

ამ რჩევების და ბანაკის გასულ სესიებზე დაყრდნობით, ასევე საკუთარი ქალაქების თავისებურებების გათვალისწინებით ბანაკის მონაწილეებმა, თავიანთი ქალაქების მერებთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ქალაქების კონცეფციებზე მუშაობა დაიწყეს. ბანაკში მოწყობილ ვორკშოპში აქტიურად ჩაერთვნენ ჰოლანდიელი მერებიც. ბოლო სამუშაო დღე ოთხი ქალაქის - თელავის, გორის, ქუთაისისა და ბათუმის განვითარების  გეგმის წარმოდგენით დასრულდა. თავის მხრივ ბანაკში დაწყებული თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს ქართველმა მერებმა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.

  •  
  •