დემოკრატიის საზაფხულო ბანაკი 2015
ქალაქები
ძვირფასო კურსდამთავრებულებო!
„ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (NIMD) ყოველწლიურად, თელავის, ქუთაისის, ბათუმისა და გორის დემოკრატიის სკოლების ყველა თაობის კურსდამთავრებულებისათვის შემაჯამებელ ღონისძიებას აწყობს.
დემოკრატიის ბანაკი, რომელიც წელს 6-12 ივნისს, ყვარელში გაიმართება, თავს მოუყრის სხვადასხვა პროფესიის სამოცამდე დემოკრატიის აქტივისტს საქართველოს ოთხი ქალაქიდან.
დემოკრატიის ბანაკი, ტრადიციულად, ინტენსიური სწავლების და პროფესიული კავშირების დამყარების სივრცეა. ეტაპობრივად, ეს ღონისძიება, დემოკრატიის ძლიერ და საჩვენებელ ფორუმად ყალიბდება, სადაც თავს იყრიან ერთი მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების წარჩინებული წარმომადგენლები საქართველოს რეგიონებიდან და მეორე მხრივ, პოლიტიკის ექსპერტები და პრაქტიკოსები, როგორც საქართველოდან ასევე საზღვარგარეთიდან. ღონისძების ფორმატი კი მათ საჭირო კონტაქტების დამყარებისა და წლის მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემაზე ინფორმირებული მსჯელობის საშუალებას აძლევს.
2015 წელს, დემოკრატიის ბანაკი განვითარების საკითხს მიეძღვნება. უფრო კონკრეტულად, ქალაქები და ურბანული განვითარება იქნება ღონისძიების მთავარი თემა.
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში, ურბანიზაცია არსებითი ელემენტია. ამავე დროს, ქალაქების სწრაფმა ზრდამ უამრავი პრობლემა გააჩინა: ქალაქის იერსახის შეცვლა, ჭარბმოსახლეობა, დაბინძურება, მწვანე საფარის შემცირება, ხმაური და ა.შ. ქალაქური ცხოვრების წესის პრობლემების კვლევა და გადაჭრა თანამედროვე მსოფლიოს აქტუალური საკითხია.
ურბანული მენეჯმენტის პრობლემა მწვავედ დგას საქართველოშიც. ნიშანდობლივია, რომ არ არსებობს საქართველოს მსხვილი ქალაქების განვითარების გენერალური გეგმა, შესაბამისად, კონკრეტული ქალაქების ფუნქციები ქვეყნის სოციალურ-ეკნომიკური განვითარების კონტექსტში არ არის დანახული. ამასთანავე, სულ უფრო მცირდება ერთ სულ მოსახლეზე მწვანე საფარის ფართობი, იმატა ქაოტური და დაუგეგმავი მშენებლობების რიცხვმა, ტრანსპორტისა და ზოგადად, კომუნიკაციის სისტემა ვერ პასუხობს თანამედროვე ეკო მეგობრული ურბანული ტრანსპორტის სტანდარტებს.
ქალაქების განვითარების ხედვის ჩამოყალიბებას მიეძღვნება დემოკრატიის ბანაკის ერთკვირიანი სამუშაო დღის წესრიგი და პროცესში საკითხის ექსპერტებს, პრაქტიკოსებს, ქალაქების მერებს და აქტიურ მოქალაქეებს ჩართავს საქართველოს ოთხი ქალაქიდან - თელავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი.
ერთკვირიანი სამუშაო განრიგის ნაწილი სრულად დაეთმობა ინტენსიურ სწავლებას იმის შესახებ, თუ რა არის განვითარება, რა ადგილი უჭირავს ურბანულ განვითარებას ზოგადად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონტექსტში. რა სპეციფიკა აქვს ქალაქდაგეგმარებას და თანმდევი პრობლემების მოგვარების რა წარმატებულ მაგალითებს იცნობს მსოფლიო.
დემოკრატიის ბანაკი უმასპინძლებს რამდენიმე ქალაქის მერს ნიდერლანდებიდან და მოიწვევს ოთხი ქართული ქალაქის მერს - გორი, თელავი, ბათუმი და ქუთაისი.
ერთობლივი მინი კონფერენცია ბანაკის მონაწილეებისათვის იქნება გამოცდილების გაზიარებისა, მსჯელობისა და იდეების გაცვლის საშუალება ქალაქების განვითარების მოდელებთან დაკავშირებით, რაც საუკეთესო ნიადაგს მოამზადებს ღონისძების დასკვნითი ეტაპისთვის, როცა ქუთაისის, ბათუმის, თელავისა და გორის დემოკრატიის სკოლის სტუდენტები, რომლებიც რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს წარმოადგენენ, თავიანთი ქალაქის მერთან თანამშრომლობით და ევროპელი მერებისა და ექსპერტების მოდერატორობოთ ქალაქის განვითარების ხედვაზე ჯგუფურ მუშაობას დაიწყებენ. ორდღიანი სამუშაოს შედეგად კი ჩამოყალიბდება ქალაქის ხელმძღვანელობასა და რეგიონების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ გაზიარებული ხედვები ქალაქის განვითარების ცალკეულ მიმართულებებზე, რაც შესაძლოა ქალაქების განვითარების საერთო ხედვის შემუშავების საფუძველიც გახდეს. დემოკრატიის ბანაკში გამართული დისკუსიების შედეგად ვიმედოვნებთ, რომ შეიქმნება ქალაქების ადმინისტრაციისა და სამოქალაქო სექტორის უფრო გრძელვადიანი და კონკრეტული საკითხების გადაწყვეტაზე დაფუძნებული ორმხრივად სასარგებლო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქალაქის განვითარებისთვის საჭირო თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც ბანაკის დასრულების შემდგომაც განაგრძობს მუშაობას.
დისკუსიები, კითხვა-პასუხის სესიები და დებატები ბანაკის დღის წესრიგის ნაწილი იქნება ყველა ეტაპზე.
ნიშანდობლივია, რომ კურსდამთავრებულთა უმეტესობა ნიმდის მხარდაჭერით უკვე ახორციელებს მცირე პროექტებსა და ადვოკატირების კამპანიებს, რომლებიც ურბანული მენეჯმენტის სხვადასხვა საკითხებს ეხება.
ადვოკატირების კამპანიები ნიმდის და “ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის” ერთობლივი მცირე გრანტების პროგრამის ნაყოფია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულებს შექმნან ორგანიზაციული კოალიციები და იმუშაონ ერთობლივ პროექტებზე თავიანთი ქალაქების ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით. ვიმედოვნებთ, რომ ადვოკატირების კამპანიის გუნდები ბანაკში მიღებულ გამოცდილებას და პროფესიულ მასალებს მათი პროექტებისათვის სამომავლო მხარდასაჭერის მისაღებადაც გამოიყენებენ.
გისურვებთ, ნაყოფიერ მუშაობას ბანაკისთვის მზადების პროცესში !
NIMD-ის წარმომადგენელობა სამხრეთ კავკასიაში