შეჯიბრი ნიჩბოსნობაში და „პერსპექტივების თამაში“

DSC_2578სპორტული აქტივობით დაიწყო ბანაკის მესამე დღე. ბანაკის მონაწილეები ყვარლის ტბაზე შეიკრიბნენ და ნიჩბოსნობაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. მცირე მოთელვის შემდეგ გუნდები ქალაქების მიხედვით დაიყვნენ და პირველობისთვის დაიწყეს ბრძოლა. თელავის, გორის, ბათუმისა და ქუთაისის გუნდებს შორის ყველაზე სწრაფები თელაველები აღმოჩდნენ და გამარჯვებაც მოიპოვეს.

დღის მეორე ნაწილი მოლაპარაკების ხელოვნებაზე საუბარს დაეთმო. ეს სესია საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჰოლანდიიდან მოწვეულმა სტუმარმა წარმართა, რომელმაც მოლაპარაკების მნიშვნელობაზე ისაუბრა და  ძირითადი ელემენტები გამოკვეთა - წინასწარი მომზადება, გამოსავლის გზებზე ფიქრი, ალტერნატივების გათვლა, თანამშრომლობა და შეთანხმების მიღწევა.

მოლაპარაკების ხელოვნებაში უკეთ გასარკვევად ბანაკის მონაწილეებმა „პერსპექტივების თამაში“ დადგეს, რომელიც სტრატეგიის გათვლას, ალტერნატივების ძიებას, თანამშრომლობის მნიშვნელობასა და შეთანხმების მიღწევას ერთობლიობაში მოითხოვდა. მონაწილეები ოთხ ჯგუფად განაწილდნენ და შეეეცადნენ კონკრეტული ქვეყნის პოზიციიდან გაეკეთებინათ არჩევანი შემოსავლებსა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შორის. დასაწყისში ყველა მოთამაშე კაპიტალის დაგროვებაზე ფიქრობდა, თუმცა მოგვიანებით მიხვდნენ, რომ ფინანსური პრიორიტეტი მათ ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნიდა და საბოლოო ჯამში გააღარიბებდა. ამ მიგნებამ მოთამაშეები აიძულა კავშირები მოეძებნათ, მოლაპარაკებები ეწარმოებინათ და გაღარიბებასთან ერთად გარემოს დაბინძურებაც შეემცირებინათ. პერსპექტივების თამაში რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.

  •  
  •