ადამიანური სიბრძნით დაგეგმილი ქალაქი – ბანაკის მეორე დღე

DSC_1952„ყველა ადამიანი ხელოვანია, უბრალოდ სისტემა არ აძლევს მას საშუალებას გაიფურჩქნოს“, - გერმანელი მხატვრის, იოზეფ ბოისის გამონათქვამის ეს პერიფრაზი გახდა სემინარის ძირითადი ხაზი, რომელიც ბანაკის გახნის მეორე დღეს ქალაქდაგეგმარების საკითხებს დაეთმო.

თანამედროვე ქალაქების დაგეგმვა, როგორც დემოკრატიის სახე და კომუნის მმართველობა, როგორც დემოკრატიის საფუძველი - ქალაქთმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე ქალაქს ამ გადასახედიდან შეეხო და დაგეგმარების პროცესში ადამიანის უპირატესობაზე ისაუბრა. „განაშენიანებაში დოგმები არ არსებობს... სიბრძნე არის არა აბსოლუტური ჭეშმარიტება, არამედ ის, რაც ხალხს უნდა“, - აღნიშნა ზურაბ ბაქრაძემ და ქალაქის მართვის საკითხებში მოქალაქეთა მონაწილეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

სემინარმა დაფარა ისეთი თემები როგორიცაა - ქალაქების ზრდა და ურბანული ქსოვილის შენარჩუნება, ზონირების მნიშვნელობა, სოციალური და კულტურული ასპექტების გათვალისწინება დაგეგმარების პროცესში, ინვესტიციები და კულტურული მემკვიდრეობა და სხვა.

სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე საუბარი გააგრძელა „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელმა, ნატა ფერაძემ, რომელმაც მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნებული აქტიურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სწრაფი და მასშტაბური რეაგირება ხეების მოჭრასა თუ უკანონო მშენებლობებზე შედეგიანია და ეს უნდა გაფართოვდეს. ნატა ფერაძემ სეირნობის კულტურაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაც უფრო გამოყენებადი გახდება პარკები, მით მეტად მოერიდება ხელისუფლება მათ მითვისებას.

ქალაქებში ძეგლთა დაცვის თემა მიმოიხილა ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა, რომელმაც ქართულ ურბანულ არქიტექტურაში ფასადური რესტავრაციის, შენობების სიმაღლის კოეფიციენტის ზრდასა და ძეგლისთვის სტატუსის მოხსნის პრობლემებზე ისაუბრა. ერთი მხრივ ხელისუფლების საინვესტიციო ინტერესები, მეორე მხრივ კი მოსახლეობის დაუფიქრებლობა ქალაქს სახეს უცვლის და კულტურულ მიმზიდველობას უკარგავს. ასეთი ქალაქი კი უინტერესო ხდება ინვესტორისთვისაც, ტურისტისთვისაც და მოსახლეობისთვისაც.

ამ საკითხის მოგვარების ევროპული გამოცდილება კი ასეთია: რესტავრაციაზე დახარჯული ერთი ევრო იზიდავს სამმაგ ინვესტიციას. ამიტომ მნიშვნელოვანია შეიცვალოს პოლიტიკა, შემუშავდეს სტრატეგია, მოძიებული იქნეს კულტურილი მემკვიდრეობის დაფინანსების ალტერნატიული წყაროები, დაიხვეწოს საკანონმდებლო ბაზა და საქართველოში არსებული 6000-მდე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა შენარჩუნდეს.

ურბანული განვითარების კიდევ ერთი ასპექტი - ტრანსპორტის დაგეგმარება და უსაფრთხოება მიმოიხილეს საკითხის სპეციალისტებმა, ირაკლი მურღულიამ და გელა კვაშილავამ. მანქანებზე და არა ადამიანებზე ორიენტირებული ქალაქები მოხსენებების ძირითადი პათოსი იყო. არასწორი მიდგომა სხვადასხვაგვარი ტრანსპორტის განვითარებას აბრკოლებს, გარემოს აბინძურებს და მაღალი რისკებითაც ხასიათდება. 5-29 წლის ადამიანების სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ავტოსაგზაო შემთხვევებზე მოდის, ყოველწლიურად კი 30 ათასი ადამიანი შავდება ავტოკატასტროფების შედეგად.

მომხსენებლებმა იმაზეც ისაუბრეს, რომ საქართველოში მანქანების რაოდენობა არ არის მაღალი, 4-5-ჯერ ნაკლებია (ერთი მილიონი), ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ სფეროს არასწორი მართვა - გზების სიმცირე, პარკირების გაუმართავი სისტემა, საწვავის ხარისხი, მანქანების დაძველება ქმნის პრობლემებს.

დემოკრატიის ბანაკს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, გიგლა ადუაშვილი და გარემოს დაცვის სააგენტოს უფროსი, თამარ ბაგრატიაც სტუმრობდნენ. მათ გარემოს დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და კითხვა-პასუხის რეჟიმში უწყებების გეგმები გაანდეს ბანაკის მონაწილეებს. მინისტრმა სამოქალაქო აქტივისტებთან თანამშრომლობის სურვილი და მზადყოფნაც გამოთქვა.

ბანაკის მეორე დღე დებატებმა დაასრულა, რომელიც ასევე ქალაქდაგეგმარების საკითხეებს მიეძღვნა.

 

  •  
  •